Georgian institue for debate and education

  • Phone: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

UNICEF Georgia-ს მხარდაჭერილი პროექტის დახურვის ცერემონიალი

UNICEF Georgia-ს მხარდაჭერილი პროექტის დახურვის ცერემონიალი

პროექტის „სკოლები, როგორც სოციალური მოდელი – გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდასთვის ინკლუზიურ და ხარისხიანი განათლებაზე“ დახურვის ცერემონიალი და პროექტის მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა.

პროექტმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე მოახდინა ახალგაზრდების განვითარებაზე და ხელი შეუწყო მათი აზროვნების ფორმირებას, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტურის მიერ განხორციელდა, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და საქართველოს პარლამენტის ინიციატივით.

პროექტის მიზანია, არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების აკადემიურ მოსწრებას. ამასთან, უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდას ინკლუზიურ და ხარისხიან სწავლებაში.

პროექტის მდგრად მიზანს წარმოადგენს, პროექტის ფარგლებში, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების 20 საჯარო სკოლაში გახსნილი დებატკლუბების მუშაობა, რომლებსაც ადგილობრივი სკოლების მასწავლებლები ხელმძღვანელობენ გაგრძელდეს და განვითარდეს GIDE-სგან მიღებული გამოცდილებისა და სწავლების შესაბამისად.

სტუდენტების დებატების სკოლა

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE), დებატების სკოლაში აცხადებს მიღებას ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

თუ გინდათ, რომ წარმატებულად გაიაროთ გასაუბრებები, შთამბეჭდავად მოახდინოთ თვითპრეზენტაცია, ეფექტიანად აწარმოოთ მოლაპარაკებები, დაეუფლოთ სიტყვით გამოსვლის ტექნიკებს, მაშინ დებატების სკოლა სწორედ თქვენთვისაა.

დებატების კურსის წარმატებულად გავლის შემდეგ მიიღებთ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და მოგეცემათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღოთ მონაწილეობა დებატების აქტივობებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 2022 წლის 24 ოქტომბრამდე, მითითებულ ბმულზე.

მოსწავლეების დებატების სკოლის ღია კარის დღე

დებატების სკოლის ღია კარის დღემ მოსწავლეებთან წარმატებულად ჩაიარა.
მათი ასეთი მაღალი მოტივაცია და ინტერესი მართლაც ძალიან სასიხარულოა.

დებატების სკოლა მოსწავლეებისთვის

🎉დაიწყო დებატების სკოლაში მოსწავლეთა მიღებას VII კლასიდან.

🎯8 თვიან სასწავლო პერიოდში, მოსწავლეები შეძლებენ:
• ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლებას
• კრიტიკული აზროვნების განვითარებას
• პრეზენტაციების მომზადებას
• დროის მართვას
• გუნდურობას
• მოკვლევის წარმოებას
• ოპონენტის პატივისცემასა და იმ ყველაფერს, რაც ორატორობასთანაა დაკავშირებული

📌პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია კონკურსები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

🔔დებატების სკოლის დასრულების შემდეგ, თითოეული მონაწილე საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერთიფიკატს მიიღებს.

✍შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 2022 წლის 10 ოქტომბრამდე, მითითებულ ბმულზე https://forms.gle/j2cAtydeYQnEh6yu5

⏩დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით მითითებულ ბმულს ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 733 306

ჩუმლაყის საჯარო სკოლის დებატკლუბი

„დებატკლუბმა ჩემი მოსწავლეებისა და პირადად ჩემი პედაგოგიური საქმიანობის წინსვლასა და კარიერულ განვითარებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა. დებატკლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად წამყვანი მასწავლებელიც გავხდი, რამაც მომცა საშუალება ბავშვებთან ერთად გავზრდილიყავი და გავმხდარიყავი მეტად კრეატიული. დებატები ასევე დამეხმარა სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარის განვითარებასა და ჩემი მიზნების მიღწევაში.“ – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის მასწავლებელი და დებატკლუბის ხელმძღვანელი, თია ზღაპარაძე 6 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და დებატების მნიშვნელობაზე საუბრობს.

თვითონაც პედაგოგის ოჯახში გაზრდილი, მოტივირებული და მოსწავლეებზე ორიენტირებული, დღეს უკვე მათ არაფორმალურ განათლებაზე ზრუნავს. “მასწავლებლობა ჩემთვის სიყვარულია და ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი შედეგისთვის ბრძოლაა პროფესიულ საქმიანობაში“,- აღნიშნავს თია ზღაპარაძე.
სოფელ ჩუმლაყის სკოლა 1974 წელს აშენდა და დღემდე ახორციელებს სწავლებას არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩუმლაყელ ბავშვებთან ერთად სწავლობენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, თანატოლები მეზობელი სოფელ ყიტაანიდან.

პანდემიის მიუხედავად, ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს დებატების კლუბიც. ონლაინ ფორმატშიც და პირისპირ მოსწავლეები წარმატებით ართმევენ თავს ახალი ცოდნისა და უნარების ათვისებას. მათ შორის არიან გამორჩეულებიც, რომელთაც წარმატებებს მიაღწიეს არამარტო მუნიციპალიტეტის, ასევე ქვეყნის მასშტაბითაც.
თია ზღაპარაძე ერთ-ერთი წარმატებული მოდებატის ისტორიას გამოყოფს. ნატალი 2020 წლის გაზაფხულიდან ჩაერთო კლუბში. „ჩვენი მეცადინეობის გარდა ის აქტიურად ესწრებოდა ქალბატონ სოფო ვეფხვაძესთან შეხვედრებს მთელი ზაფხულის განმავლობაში. აქედან დაიწყო მისი განსაკუთრებული ინტერესი და აქტიურობა. ნატალიმ მონაწილეობა მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადვოკატირების პროცესის წარმართვაში, წარადგინა საპროექტო წინადადება და ხუთ საუკეთესო პროექტში გამოარჩიეს მისი ნამუშევარი. ამას მოყვა შემდეგი წარმატებებიც მის უნივერსიტეტში.“-ამბობს პედაგოგი. მისივე თქმით, ნატალიმ, როგორც კლუბის სხვა წევრებმა, დებატების სწავლებით განივითარა სიტყვით გამოსვლის ხელოვნება და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი. არაფორმალური განათლების მიღების შემდეგ კი ის თელავის ამერიკულ კუთხეში გახდა მოხალისე და ჩაერთო მთელ რიგ აქტივობებში. „ჩვენი ნატალი აღმოჩენაა ჩვენი სკოლისთვის და მიხარია, რომ სწორედ დებატების წყალობით ამდენ წარმატებას მიაღწია“,-აცხადებს თია ზღაპარაძე.

ართანის საჯარო სკოლის დებატკლუბი

“ჩვენი სკოლის თითქმის ყველა მოსწავლეს ერთი სული აქვს გახდეს იმ ასაკის, როცა უკვე შეძლებს დებატკლუბში გაწევრიანებას.“- თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საჯარო სკოლის დირექტორი და დებატკლუბის ხელმძღვანელი, თინათინ ბიჭოლაშვილი, დებატების მიმართ მოსწავლეების განსაკუთრებულ ინტერესზე საუბრობს.

„არაფორმალური განათლება დღეს მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდის ფორმირებაში. კლუბში მეცადინეობებისას ისინი ივითარებენ უნარ-ჩვევებს, იმაღლებენ კომპეტენციებს, ახდენენ ღირებულებების ფორმირებას და ჩამოყალიბებას არაფორმალურ, ბუნებრივ გარემოში, სადაც ბავშვებს ექმნებათ მოტივაცია, იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით, არგუმენტირებულად დაასაბუთონ და წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები“,-აცხადებს თინათინ ბიჭოლაშვილი. დებატკლუბმა მისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახადა 30 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება და 100 წლოვანი სკოლის ხელმძღვანელობა. „მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, კლუბში მუშაობას მაინც სიამოვნებით ვახერხებ. ჩემს ცხოვრებაში უფრო მეტი საინტერესო საკითხი გაჩნდა, რასაც სიღრმისეულად ვეცნობი მოსწავლეებთან ერთად; მოდუნების საშუალება არ მეძლევა“.


ართანის საჯარო სკოლის მოსწავლეების არაერთი თაობა გახდა დებატების კლუბის წევრი, შედეგებიც სასიხარულო ჰქონდათ. ართანის სკოლის დებატების კლუბი სხვადასხვა წლებში 10 საუკეთესო კლუბთა შორის მოხვდა; თინათინ ბიჭოლაშვილი გამორჩეულად ხელმძღვანელებად დასახელდა საუკეთესო ონლაინ გაკვეთილებისთვის; მოსწავლეებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებებს ეროვნულ ტურნირებზე; ერთ-ერთ ექსკურსიაზე ყოფნისას ართანელმა მოსწავლეებმა საჩვენებელი დებატი გამართეს, რაც სამახსოვრო საჩუქრებითაც აღინიშნა, სოფელში უკან დაბრუნებულებმა კი საკუთარი შესაძლებლობების და ემოციების გაზიარება სხვა ახალგაზრდებისთვის შეძლეს მათთვის სპეციალურად გამართულ საჩვენებელ დებატებზეც.
2020 წლის იანვრიდან სკოლა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტისთვის “დებატები უკეთესი განათლებისათვის“ შეირჩა. „პროექტს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ახორციელებს თავის ინოვაციურ და კომპეტენტურ გუნდთან ერთად. როდესაც მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, ამ ინსტიტუტის ინიციატივით პროექტმა მოდიფიცირება განიცადა და საკლუბო მუშაობამ დისტანციური სახე წარმატებულად მიიღო, რამაც მოსწავლეების მაღალი მოტივაცია გამოიწვია“,-განაცხადა თინათინ ბიჭოლაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ახალ ფორმატში მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა; მეტიც, მძიმე პერიოდი, როდესაც ადამიანები იზოლაციაში იმყოფებოდნენ, გაახალისა და მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო გახადა სწავლება. მათ ონლაინ სიტყვით გამოსვლების კონკურსშიც წარმატებულად მიიღეს მონაწილეობა.
ართანის საჯარო სკოლის დირექტორი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლუბში მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები არ ერთიანდებიან. განასაკუთრებულად აღსანიშნავია ამავდროულად ის, რომ დებატების კლუბის წევრების აკადემიური მოსწრება ყოველთვის შესამჩნევად უმჯობესდება. „ისინი სკოლას წარმატებით ამთავრებენ და აგრძელებენ სწავლას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სადაც თავდაჯერებულები და მოტივირებულები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში. არაერთმა დებატკლუბის მოსწავლემ მიიღო საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის საჩუქრად კომპიუტერი, სკოლა დაამთავრეს მედალზე და ა. შ.“,- ამ წარმატებებში თინათინ ბიჭოლაშვილმა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დამსახურება გამოყო. „უნდა აღვნიშნო, საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ქალბატონ თინათინ ცერცვაძისა და სოფო ვეფხვაძის მართლაც განსაკუთრებული ღვაწლი როგორც ახალგაზრდა თაობის განვითარებისთვის ასევე ჩემი, როგორც პედაგოგის წინსვლისთვის“-განაცხადა მან.

გურჯაანის N4 საჯარო სკოლის დებატკლუბი

„მიხარია, რომ წელსაც მაქვს საშუალება დებატების სწავლებით ჩემი წვლილი შევიტანო მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებასა და წარმატებული მომავლის ხელის შეწყობაში“, – განაცხადა ქ. გურჯაანის N4 საჯარო სკოლის დებატკლუბის ხელმძღვანელმა, ნანა ტატიაშვილმა.

„ჩემთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და დიდი პასუხისმგებლობა იყო იმ დებატკლუბის ხელმძღვანელობა, რომლის ჩამოყალიბებისა და გახსნის შესაძლებლობაც საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა მოგვცა“,- ნანა ტატიაშვილი 30 წელია, რაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ამ წლების განმავლობაში ის გამოირჩევა განსაკუთრებული დაინტერესებით პროფესიულ განვითარებაზე,  წინსვლაზე მუდმივი ზრუნვითა და სიახლეებისადმი სწრაფვით. თუმცა იმ თანამშრომლობამ და გამოცდილებამ რაც დებატების ორგანიზაციაში მიიღო, მის ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

მან ქ.გურჯაანის გურამ ჭილაშვილის სახელობის N4 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო, განსაკუთრებით აღნიშნავს სკოლის დირექტორის ოთარ ჭილაშვილის დამსახურებას ყველა იმ წარმატებაში, რომელსაც სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები აღწევენ. ნანა ტატიაშვილის თქმით, სკოლა გამოირჩევა შემოქმედებითი და დემოკრატიული გარემოთი, თამამი გადაწყვეტილებებით და სიახლეების დანერგვით.  როგორც პედაგოგი ამბობს „სკოლაში ისწავლება 4 უცხო ენა, დამკვიდრდა შიდა სასკოლო გამოცდები, სკოლა თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნოვერსიტეტთან, რომლის პროფესორ-მასწავლებლები კვირაში ორჯერ ჩამოდიოდნენ გაკვეთილების ჩასატარებლად, ასევე დანერგილია შეფასების 10 ბალიანი სისტემა და გაერთიანებული გაკვეთილები, ინფორმატიკა მე-5 კლასიდან ისწავლება  და, ამასთანავე, ფუნქციონერებს ნორჩ პროგრამისტთა, მათემატიკოსთა და ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამერიკასთან ურთიერთობას, რაც აისახა ჩვენი მოსწავლეების FLEX-ის პროგრამაში გამარჯვებასა და აშშ-ში სწავლაში. ახლაც ერთი მოსწავლე იმყოფება ამერიკაში“. თავადაც ორჯერ იმყოფებოდა აშშ-ში გაცვლითი პროგრამით, უმასპინძლა ამერიკელ პედაგოგებს საქართველოში, მონაწილეობდა საერთაშორისო სემინარებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში.

საამაყოა, რომ სკოლა ისევ აგრძელებს მსგავს თანამედროვე აქტივობებში ჩართულობას და სწორედ ამის დასტურია, რომ სკოლაში გრძელდება დებატკლუბის აქტიური მუშაობა და, შესაბამისად, წარმატების გზაზე სვლა. ნანა კი აგრძელებს კლუბის ხელმძღვანელობას და მოსწავლეების წარმატებებს სიხარულით ითვლის.

გურჯანის N4 სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოდებატე საერთაშორისო დებატებში მონაწილეობისთვის უცხოეთში იმყოფებოდა. კიდევ ერთი მოდებატე სასწავლებლად გერმანიაში გაემგზავრა. ასეთი წარმატება მრავალია და მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ თითოეულის წინაპირობა ის უნარებია, რომლებსაც მოსწავლეები დებატკლუბში ივითარებენ. “დებატებში მონაწილეობამ მოსწავლეებს ჩამოუყალიბა დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარები. თითოეული მათგანი უფრო თავისუფალი და თავდაჯერებული გახდა“,- განაცხადა ნანა ტატიაშვილმა.

გურჯაანის N3 საჯარო სკოლის დებატკლუბი

„დებატებისა და განათლების ინსტიტუტის გუნდი, რომელთანაც ჩვენ გვიწევს მუშაობა, დაკომპლექტებულია ნამდვილი პროფესიონალებით. ისინი  გვიღვივებენ უდიდეს მოტივაციას და გვაძლევენ უდიდეს ენერგიას. ჩვენ გვიხარია და გვეამაყება ამ გუნდთან თანამშრომლობა”, – გურჯაანის N3 საჯარო სკოლის დებატკლუბის ხელმძღვანელი, თამარ უტიაშვილი-ქოროღლიშვილი, დებატკლუბების წარმატებას და მოსწავლეების მაღალ მოტივაციას საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის კვალიფიციური მუშაობის შედეგად მიიჩნევს.

 

როდესაც პირველად დაინტერესდა დებატკლუბების საქმიანობით, პროექტში ჩასართავად საკმაოდ რთული გასაუბრების გავლა მოუწია. დებატკლუბის ჩამოყალიბებით მოსწავლეებთან ერთად თავადაც კმაყოფილია და მნიშვნელოვანი წარმატებების მოლოდინშია. „როდესაც გავიარე რთული გასაუბრება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელთან ქალბატონ თინათინ ცერცვაძესთან, ვიფიქრე ესეც ჩვეულებრივ ერთწლიანი სასწავლო  პროექტი იქნებოდა, მაგრამ არც კი ვიცი როგორ გადმოვცე სიტყვებით ის ემოცია და განცდა, რასაც მე და ჩემი მოსწავლეები ამ ჯგუფთან მუშაობით ვიღებთ უკვე ამდენი წელია.“-აცხადებს თამარ უტიაშვილი-ქოროღლიშვილი.

 

როგორც ის ამბობს, „დებატები თანამედროვე სწავლებაში ასოცირდება სტრუქტურულ მსჯელობასთან, ემპათიის განცდასთან, კრიტიკულ აზროვნებასა და ღირსეულ ოპონირებასთან. ეს აქტივობა მოსწავლეებს უვითარებს მოსმენის კულტურას, რაც მე ვფიქრობ დღევანდელობის პრობლემას წარმოადგენს.” თამარ უტიაშვილი-ქოროღლიშვილის თქმითვე, მოდებატე მოსწავლეები იმდენად დაინტერესებული არიან კლუბის აქტივობებით, რომ თვითონვე გეგმავენ დამატებითი შეხვედრების დღეებს. „უკვე დიდი ხანია ჩვენი სკოლა ჩართულია ამ პროექტში და ჩემი პედაგოგიური მუშაობის არც ერთ ეტაპზე მახსენდება მოსწავლეთა მოტივაციის ისეთი მაღალი დონე, როგორიც ამ სწავლებაში ვნახეთ“-აღნიშნავს გურჯაანის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი.

 

UNICEF-ის პროექტის პრეზენტაცია და გასაუბრებები ხორნაბუჯის და დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლებში

პროექტის “სკოლები, როგორც სოციალური მოდელი – გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე” ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაცია და გასაუბრებები მოსწავლეებთან ხორნაბუჯის და დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლებში.  გვიხარია, რომ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში ვნახეთ საქართველო, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნებას, თანაც ასეთ მოტივირებულ მასწავლებელთან ერთად.

UNICEF-ის პროექტის შესახებ ვიზიტი ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში

უკვე დავიწყეთ პირისპირ შეხვედრები და ჩვენი პროექტის “სკოლები, როგორც სოციალური მოდელი – გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე” პრეზენტაცია კახეთის რეგიონის ყველა იმ შერჩეულ სკოლაში, რომლებმაც ჩვენი კონკურსი წარმატებით გაიარეს. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი პირველი ვიზიტი ასეთი სტუმართმოყვარე და მოტივირებულ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში გვქონდა.