საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

გურჯაანის N3 საჯარო სკოლის დებატკლუბი

გურჯაანის N3 საჯარო სკოლის დებატკლუბი

„დებატებისა და განათლების ინსტიტუტის გუნდი, რომელთანაც ჩვენ გვიწევს მუშაობა, დაკომპლექტებულია ნამდვილი პროფესიონალებით. ისინი  გვიღვივებენ უდიდეს მოტივაციას და გვაძლევენ უდიდეს ენერგიას. ჩვენ გვიხარია და გვეამაყება ამ გუნდთან თანამშრომლობა, – გურჯაანის N3 საჯარო სკოლის დებატკლუბის ხელმძღვანელი, თამარ უტიაშვილი-ქოროღლიშვილი, დებატკლუბების წარმატებას და მოსწავლეების მაღალ მოტივაციას საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის კვალიფიციური მუშაობის შედეგად მიიჩნევს.

 

როდესაც პირველად დაინტერესდა დებატკლუბების საქმიანობით, პროექტში ჩასართავად საკმაოდ რთული გასაუბრების გავლა მოუწია. დებატკლუბის ჩამოყალიბებით მოსწავლეებთან ერთად თავადაც კმაყოფილია და მნიშვნელოვანი წარმატებების მოლოდინშია. „როდესაც გავიარე რთული გასაუბრება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელთან ქალბატონ თინათინ ცერცვაძესთან, ვიფიქრე ესეც ჩვეულებრივ ერთწლიანი სასწავლო  პროექტი იქნებოდა, მაგრამ არც კი ვიცი როგორ გადმოვცე სიტყვებით ის ემოცია და განცდა, რასაც მე და ჩემი მოსწავლეები ამ ჯგუფთან მუშაობით ვიღებთ უკვე ამდენი წელია.“-აცხადებს თამარ უტიაშვილი-ქოროღლიშვილი.

 

როგორც ის ამბობს, „დებატები თანამედროვე სწავლებაში ასოცირდება სტრუქტურულ მსჯელობასთან, ემპათიის განცდასთან, კრიტიკულ აზროვნებასა და ღირსეულ ოპონირებასთან. ეს აქტივობა მოსწავლეებს უვითარებს მოსმენის კულტურას, რაც მე ვფიქრობ დღევანდელობის პრობლემას წარმოადგენს.” თამარ უტიაშვილი-ქოროღლიშვილის თქმითვე, მოდებატე მოსწავლეები იმდენად დაინტერესებული არიან კლუბის აქტივობებით, რომ თვითონვე გეგმავენ დამატებითი შეხვედრების დღეებს. „უკვე დიდი ხანია ჩვენი სკოლა ჩართულია ამ პროექტში და ჩემი პედაგოგიური მუშაობის არც ერთ ეტაპზე მახსენდება მოსწავლეთა მოტივაციის ისეთი მაღალი დონე, როგორიც ამ სწავლებაში ვნახეთ“-აღნიშნავს გურჯაანის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი.

 

UNICEF-ის პროექტის პრეზენტაცია და გასაუბრებები ხორნაბუჯის და დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლებში

პროექტის “სკოლები, როგორც სოციალური მოდელი – გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე” ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაცია და გასაუბრებები მოსწავლეებთან ხორნაბუჯის და დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლებში.  გვიხარია, რომ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში ვნახეთ საქართველო, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნებას, თანაც ასეთ მოტივირებულ მასწავლებელთან ერთად.

UNICEF-ის პროექტის შესახებ ვიზიტი ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში

უკვე დავიწყეთ პირისპირ შეხვედრები და ჩვენი პროექტის “სკოლები, როგორც სოციალური მოდელი – გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე” პრეზენტაცია კახეთის რეგიონის ყველა იმ შერჩეულ სკოლაში, რომლებმაც ჩვენი კონკურსი წარმატებით გაიარეს. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი პირველი ვიზიტი ასეთი სტუმართმოყვარე და მოტივირებულ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში გვქონდა.

ახაშნის დებატკლუბი

“როგორც დებატების კლუბის ხელმძღვანელი ვამაყობ, რომ სწორედ მე მხვდა წილად ბედნიერება გამევლო ეს ტრენინგი და გამეგო მეტი დებატების შესახებ, რადგან ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ბავშვის მრავალმხრივი უნარების განვითარებისთვის,” – ამბობს ახაშნის დებატების კლუბის ხელმძღვანელი, ირმა გელაშვილი.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროექტში სკოლა პირველად  ჩაერთო, არასდროს არ გაგვიწყვეტია მათთან კონტაქტი, სულ ვცდილობთ, რომ ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, მივიღოთ მონაწილეობა და მუდმივი კონტაქტი გვქონდეს ასეთ ძლიერ და საოცრად თანამშრომლობით ორგანიზაციასთან. კლუბმა დასაწყისიდანვე აქტიურად დაიწყო მუშაობა და მოსწავლეების წარმატეტებმაც არ დააყოვნა. რეგიონულ ტურნირზე  სკოლის დებატების კლუბი პირველ ადგილზე გავიდა. ასევე, ახაშნის სკოლის მოდებატეები ათ საუკეთესო მომხსენებლებს შორის მოხვდნენ და 1-2-4- ადგილებზე გავიდნენ.

როგორც ირმა გელაშვილმა აღნიშნა, კლუბს დიდი გულშემატკივარი ჰყავს სკოლის დირექტორის სახით. პირველ გამარჯვებას მისი გადაწყვეტილება მოჰყვა. მოტივაციის კიდევ უფრო ასამაღლებლად ბავშვები  სვანეთში სამდღიანი ექსკურსიით  დასაჩუქრდენენ, ირმა გელაშვილს კი, როგორც კლუბის ხელმძღვანელს პრემია გადაეცა.

„თაობები იცვლება და წელს მაის-ივნისის თვეში გამართულ რეგიონალურ-ეროვნულ ტურნირში მონაწილე, კლუბის ახალმა მოსწავლეებმაც ასევე წარმატებით იასპარეზეს და 126 გუნდს შორის, პირველ ეტაპზე გადავიდნენ მერვედფინალში, მოხვდნენ რვა საუკეთესო გუნდს, შემდეგ კი ოთხ საუკეთესო გუნდს შორის“,- განაცხადა პედაგოგმა. როგორც მან გვითხრა, ამ წარმატების გამო დირექცია კლუბს ბაკურიანში ექსკურსიით აჯილდოებს.

სოფელი გურჯაანის დებატკლუბები

„დებატების კლუბმა სრულიად გადააჭარბა მოლოდინებს. ეს არის ულევი შესაძლებლობების წყარო, რომელიც ადამიანის მუდმივ განვითარებას უწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვანია ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე“,- ამბობს სოფელი გურჯაანის დებატკლუბის ხელმძღვანელი თეა მანოშვილი.

მას შემდეგ რაც საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს დაესწრო, სრულად გაეცნო დებატების ტექნიკას და კლუბის მუშაობის სტრუქტურას, გადაწყვიტა თავადაც მიეღო მონაწილეობა ახალგაზრდების მომზადებაში. სკოლის დებატების კლუბის ყოველკვირეული მეცადინეობები თეას მაღალი შეფასებების შესაძლებლობას აძლევს. „პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები ეუფლებიან დებატების ტექნიკისა  და საჯარო გამოსვლის ხელოვნებას, სწავლობენ არგუმენტირებული და ანალიტიკური აზროვნებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, დროის მართვას, მსჯელობენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და პრობლემების სხვადასხვა კუთხით დანახვის უნარს ივითარებენ, სწავლობენ იდეების ურთიერთგაცვლას, კომუნიკაციას და აკეთებენ უკუკავშირებს.“-განაცხადა თეა მანოშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, კლუბში კვირაში ერთხელ იმართება შეხვედრა, მოსაწავლეები ჩართულები არიან მრავალ აქტივობაში, კონკრეტული სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობენ და რაც მთავარია, დებატობენ. „მოსწავლეები სწავლობენ ფორმალურ დებატებს, ასრულებენ ჯგუფურ სავარჯიშოებს, პრაქტიკულ დავალებებს, პრეზენტაციებთან ერთად და დისკუსიებთან ერთად ეუფლებიან  ორატორულ ხელოვნებას. ეს პროექტი იმიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ხდება აზრთა გაზიარება, საკუთარი პოზიციის გამოხატვა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობა, ხდება უამრავი ინფორმაციის მიღება, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ თავიანთ სამომავლო საქმიანობაში,“- განაცხადა თეა მანოშვილმა, რომლის თქმითაც დებატების კლუბს საინტერესო გეგმებთან ერთად დიდი მომავალი აქვს.

 

“დებატების კლუბმა დიდი გავლენა იქონია ჩემს მოსწავლეებზე. ისინი თავდაჯერებული და მეტად შრომისმოყვარენი გახდნენ, ჩამოუყალიბდათ კვლევა -ძიების, არგუმენტირებული მსჯელობის და მოსმენის კულტურა“,- განაცხადა სოფელ გურჯაანის დებატკლუბის ხელმძღვანელმა ეკატერინე ხარაზიშვილმა (არჩევნიშვილმა).

თავისი გამოცდილების შესახებ საუბრისას ეკა ხარაზიშვილი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტში თინათინ ცერცვაძესთან და სოფიო ვეფხვაძესთან შეხვედრას და ტრენინგებს განსაკუთრებული ემოციებით იხსენებს.        „სასიხარულოა, რომ დებატების კლუბების ფუნქციონირება პირველად ყველაზე აქტიურად გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ხელშეწყობით.“  

„ჩვენ ისეთი ტრენინგები გავიარეთ დებატების ორგანიზაციის მესვეურებთან, რომ მართლაც წარუშლელი კვალი დატოვა ამ სწავლებამ ჩვენზე და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი და საამაყო კლუბებიც გავხსენით და ვამუშავეთ.“-აღნიშნა მან.

დებატების კლუბის მოსწავლეების აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის სხვადასხვა აქტივობაში და ის მიღწევები, რაც მათ რეგიონულ თუ ნაციონალურ ტურნირებში აქვთ, ნამდვილად სასიხარულო და სტიმულის მომცემია დანარჩენი მოდებატეებისთვის.