
ახაშნის დებატკლუბი
“როგორც დებატების კლუბის ხელმძღვანელი ვამაყობ, რომ სწორედ მე მხვდა წილად ბედნიერება გამევლო ეს ტრენინგი და გამეგო მეტი დებატების შესახებ, რადგან ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ბავშვის მრავალმხრივი უნარების განვითარებისთვის,” – ამბობს ახაშნის დებატების კლუბის ხელმძღვანელი, ირმა გელაშვილი.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროექტში სკოლა პირველად ჩაერთო, არასდროს არ გაგვიწყვეტია მათთან კონტაქტი, სულ ვცდილობთ, რომ ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, მივიღოთ მონაწილეობა და მუდმივი კონტაქტი გვქონდეს ასეთ ძლიერ და საოცრად თანამშრომლობით ორგანიზაციასთან. კლუბმა დასაწყისიდანვე აქტიურად დაიწყო მუშაობა და მოსწავლეების წარმატეტებმაც არ დააყოვნა. რეგიონულ ტურნირზე სკოლის დებატების კლუბი პირველ ადგილზე გავიდა. ასევე, ახაშნის სკოლის მოდებატეები ათ საუკეთესო მომხსენებლებს შორის მოხვდნენ და 1-2-4- ადგილებზე გავიდნენ.
როგორც ირმა გელაშვილმა აღნიშნა, კლუბს დიდი გულშემატკივარი ჰყავს სკოლის დირექტორის სახით. პირველ გამარჯვებას მისი გადაწყვეტილება მოჰყვა. მოტივაციის კიდევ უფრო ასამაღლებლად ბავშვები სვანეთში სამდღიანი ექსკურსიით დასაჩუქრდენენ, ირმა გელაშვილს კი, როგორც კლუბის ხელმძღვანელს პრემია გადაეცა.
„თაობები იცვლება და წელს მაის-ივნისის თვეში გამართულ რეგიონალურ-ეროვნულ ტურნირში მონაწილე, კლუბის ახალმა მოსწავლეებმაც ასევე წარმატებით იასპარეზეს და 126 გუნდს შორის, პირველ ეტაპზე გადავიდნენ მერვედფინალში, მოხვდნენ რვა საუკეთესო გუნდს, შემდეგ კი ოთხ საუკეთესო გუნდს შორის“,- განაცხადა პედაგოგმა. როგორც მან გვითხრა, ამ წარმატების გამო დირექცია კლუბს ბაკურიანში ექსკურსიით აჯილდოებს.