„დებატების წყალობით სოფლად მცხოვრებ ბავშვებსაც მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე გასულიყვნენ. დებატების კლუბში ჩართული მოსწავლეები ყოველთვის დიდ წარმატებას აღწევენ. სოფლად მცხოვრებ მოზარდებს საკუთარი თავის წარმოჩენა ნაკლებად ეხერხებათ, მორიდებულები არიან. დებატებმა ისინი თავდაჯერებულები და გახსნილები გახადა“, – როგორც კაჭრეთის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ბაზერაშვილი ამბობს, დებატების კლუბმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მისცა როგორც პედაგოგებს, ისე მოსწავლეებს.
ლელა ბაზერაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტის დარგობრივი პოლიტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილის დიდი მხარდაჭერა კაჭრეთის სკოლისა და დებატების კლუბის მიმართ.
ლელა ბაზერაშვილი 7 წელია რაც კაჭრეთის საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს. სკოლას 100 წლის ისტორია აქვს. ის პირველად პატარა კერძო სახლში, შემდეგ ანდრონიკაშვილების სასახლეში ფუნქციონირებდა და მხოლოდ 1982 წელს გადავიდა ახალ შენობაში. სკოლა იმითაც გამოირჩევა რომ ყოველწლიურად რამდენიმე ოქროს მედალოსანი ამთავრებს სწავლას და კურსდამთავრებულების უმეტესობა მაღალი შეფასებებით ხდება წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტი. ლელა ბაზერაშვილის თქმით, მოსწავლეების წარმატებებში სკოლასთან ერთად დიდი წვლილი დებატების კლუბს მოაქვს.
მოდებატეები ყოვლეკვირეული ტრენინგების შედეგად ეროვნულ თუ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობენ და წარმატებებსაც აღწევენ.
მარი ბეროშვილი 2 წლის წინ მოდებატეთა საუკეთესო ათეულში მოხვდა. გამორჩეული უნარების გამო საერთაშორისო ტურნირშიც ჩაერთო, რის გამოც 2 კვირა ავსტრიასა და სლოვაკეთს სტუმრობდა. დებატების კლუბში მიღებული გამოცდილება მისი სწავლის შედეგებზეც აისახა. მარი 100% გრანტით ჩაირიცხა უნივერსიტეტში და იქაც დამატებითი შიდა სტიპენდია მოიპოვა.
მისი მოსახელე მარიამ ბეროშვილი პანდემიური წლის საუკეთესო მოდებატეებში მოხვდა და ონლაინ ფორმატში საერთაშორისო ტურნირშიც ჩაერთო. მარიამიც 100% გრანტით გახდა სტუდენტი.
აუწონელია ის ღვაწლი, რაც ჩვენი მოდებატეების, ჩვენი სკოლის და მთლიანად მომავალი თაობის განვითარებაში შეიტანა ჩვენმა ერთ-ერთმა გამორჩეულმა პედაგოგმა, ლარისა ქიტოშვილმა, ვინც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი სკოლის დებატკლუბს და ვისი დამსახურებითაც ამდენს მიაღწიეს ჩვენმა მოსწავლეებმა.