დაიწყო საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობს ონლაინპლატფორმის არსებობას Facebook ჯგუფის სახით, სახელწოდებით “დებატები განათლებისთვის”. ჯგუფში გაწევრიანება და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ და განხორციელებულ საინტერესო და სახალისო აქტივობებში, მათ შორის ონლაინ დებატებში, ჩართვა შეუძლიათ ახალგაზრდებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს შორის ინტერაქციას და შესაძლებლობა მისცეს მათ, ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები COVID-19-თან დაკავშირებით.
2 თვის განმავლობაში გაიმართება 3 ონლაინ დებატი, 3 ვებინარი, სახალისო ქვიზები, ფოტო/ვიდეო კონკურსები. გარდა ამისა, პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები განიხილავენ სხვადასხვა ფილმებს. ზემოთხსენებული აქტივობები ძირითადად მიეძღვენება COVID-19-ის თემატიკის განხილვას.
პროექტის ძირითადი წევრები იქნებიან წარმომადგენლები იმ დებატკლუბებისა, რომლებიც შეიქმნა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში 2020 წელს.
პროექტი თანხვედრაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქციულ საგანმანათლებლო კონცეფციას და განსაზღვრავს იმ ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრიცნიპს, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სწავლა-სწავლების პროცესს.