საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

ჩუმლაყის საჯარო სკოლის დებატკლუბი

ჩუმლაყის საჯარო სკოლის დებატკლუბი

„დებატკლუბმა ჩემი მოსწავლეებისა და პირადად ჩემი პედაგოგიური საქმიანობის წინსვლასა და კარიერულ განვითარებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა. დებატკლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად წამყვანი მასწავლებელიც გავხდი, რამაც მომცა საშუალება ბავშვებთან ერთად გავზრდილიყავი და გავმხდარიყავი მეტად კრეატიული. დებატები ასევე დამეხმარა სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარის განვითარებასა და ჩემი მიზნების მიღწევაში.“ – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის მასწავლებელი და დებატკლუბის ხელმძღვანელი, თია ზღაპარაძე 6 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და დებატების მნიშვნელობაზე საუბრობს.

თვითონაც პედაგოგის ოჯახში გაზრდილი, მოტივირებული და მოსწავლეებზე ორიენტირებული, დღეს უკვე მათ არაფორმალურ განათლებაზე ზრუნავს. “მასწავლებლობა ჩემთვის სიყვარულია და ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი შედეგისთვის ბრძოლაა პროფესიულ საქმიანობაში“,- აღნიშნავს თია ზღაპარაძე.
სოფელ ჩუმლაყის სკოლა 1974 წელს აშენდა და დღემდე ახორციელებს სწავლებას არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩუმლაყელ ბავშვებთან ერთად სწავლობენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, თანატოლები მეზობელი სოფელ ყიტაანიდან.

პანდემიის მიუხედავად, ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს დებატების კლუბიც. ონლაინ ფორმატშიც და პირისპირ მოსწავლეები წარმატებით ართმევენ თავს ახალი ცოდნისა და უნარების ათვისებას. მათ შორის არიან გამორჩეულებიც, რომელთაც წარმატებებს მიაღწიეს არამარტო მუნიციპალიტეტის, ასევე ქვეყნის მასშტაბითაც.
თია ზღაპარაძე ერთ-ერთი წარმატებული მოდებატის ისტორიას გამოყოფს. ნატალი 2020 წლის გაზაფხულიდან ჩაერთო კლუბში. „ჩვენი მეცადინეობის გარდა ის აქტიურად ესწრებოდა ქალბატონ სოფო ვეფხვაძესთან შეხვედრებს მთელი ზაფხულის განმავლობაში. აქედან დაიწყო მისი განსაკუთრებული ინტერესი და აქტიურობა. ნატალიმ მონაწილეობა მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადვოკატირების პროცესის წარმართვაში, წარადგინა საპროექტო წინადადება და ხუთ საუკეთესო პროექტში გამოარჩიეს მისი ნამუშევარი. ამას მოყვა შემდეგი წარმატებებიც მის უნივერსიტეტში.“-ამბობს პედაგოგი. მისივე თქმით, ნატალიმ, როგორც კლუბის სხვა წევრებმა, დებატების სწავლებით განივითარა სიტყვით გამოსვლის ხელოვნება და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი. არაფორმალური განათლების მიღების შემდეგ კი ის თელავის ამერიკულ კუთხეში გახდა მოხალისე და ჩაერთო მთელ რიგ აქტივობებში. „ჩვენი ნატალი აღმოჩენაა ჩვენი სკოლისთვის და მიხარია, რომ სწორედ დებატების წყალობით ამდენ წარმატებას მიაღწია“,-აცხადებს თია ზღაპარაძე.

ართანის საჯარო სკოლის დებატკლუბი

“ჩვენი სკოლის თითქმის ყველა მოსწავლეს ერთი სული აქვს გახდეს იმ ასაკის, როცა უკვე შეძლებს დებატკლუბში გაწევრიანებას.“- თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საჯარო სკოლის დირექტორი და დებატკლუბის ხელმძღვანელი, თინათინ ბიჭოლაშვილი, დებატების მიმართ მოსწავლეების განსაკუთრებულ ინტერესზე საუბრობს.

„არაფორმალური განათლება დღეს მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდის ფორმირებაში. კლუბში მეცადინეობებისას ისინი ივითარებენ უნარ-ჩვევებს, იმაღლებენ კომპეტენციებს, ახდენენ ღირებულებების ფორმირებას და ჩამოყალიბებას არაფორმალურ, ბუნებრივ გარემოში, სადაც ბავშვებს ექმნებათ მოტივაცია, იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით, არგუმენტირებულად დაასაბუთონ და წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები“,-აცხადებს თინათინ ბიჭოლაშვილი. დებატკლუბმა მისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახადა 30 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება და 100 წლოვანი სკოლის ხელმძღვანელობა. „მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, კლუბში მუშაობას მაინც სიამოვნებით ვახერხებ. ჩემს ცხოვრებაში უფრო მეტი საინტერესო საკითხი გაჩნდა, რასაც სიღრმისეულად ვეცნობი მოსწავლეებთან ერთად; მოდუნების საშუალება არ მეძლევა“.


ართანის საჯარო სკოლის მოსწავლეების არაერთი თაობა გახდა დებატების კლუბის წევრი, შედეგებიც სასიხარულო ჰქონდათ. ართანის სკოლის დებატების კლუბი სხვადასხვა წლებში 10 საუკეთესო კლუბთა შორის მოხვდა; თინათინ ბიჭოლაშვილი გამორჩეულად ხელმძღვანელებად დასახელდა საუკეთესო ონლაინ გაკვეთილებისთვის; მოსწავლეებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებებს ეროვნულ ტურნირებზე; ერთ-ერთ ექსკურსიაზე ყოფნისას ართანელმა მოსწავლეებმა საჩვენებელი დებატი გამართეს, რაც სამახსოვრო საჩუქრებითაც აღინიშნა, სოფელში უკან დაბრუნებულებმა კი საკუთარი შესაძლებლობების და ემოციების გაზიარება სხვა ახალგაზრდებისთვის შეძლეს მათთვის სპეციალურად გამართულ საჩვენებელ დებატებზეც.
2020 წლის იანვრიდან სკოლა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტისთვის “დებატები უკეთესი განათლებისათვის“ შეირჩა. „პროექტს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ახორციელებს თავის ინოვაციურ და კომპეტენტურ გუნდთან ერთად. როდესაც მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, ამ ინსტიტუტის ინიციატივით პროექტმა მოდიფიცირება განიცადა და საკლუბო მუშაობამ დისტანციური სახე წარმატებულად მიიღო, რამაც მოსწავლეების მაღალი მოტივაცია გამოიწვია“,-განაცხადა თინათინ ბიჭოლაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ახალ ფორმატში მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა; მეტიც, მძიმე პერიოდი, როდესაც ადამიანები იზოლაციაში იმყოფებოდნენ, გაახალისა და მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო გახადა სწავლება. მათ ონლაინ სიტყვით გამოსვლების კონკურსშიც წარმატებულად მიიღეს მონაწილეობა.
ართანის საჯარო სკოლის დირექტორი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლუბში მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები არ ერთიანდებიან. განასაკუთრებულად აღსანიშნავია ამავდროულად ის, რომ დებატების კლუბის წევრების აკადემიური მოსწრება ყოველთვის შესამჩნევად უმჯობესდება. „ისინი სკოლას წარმატებით ამთავრებენ და აგრძელებენ სწავლას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სადაც თავდაჯერებულები და მოტივირებულები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში. არაერთმა დებატკლუბის მოსწავლემ მიიღო საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის საჩუქრად კომპიუტერი, სკოლა დაამთავრეს მედალზე და ა. შ.“,- ამ წარმატებებში თინათინ ბიჭოლაშვილმა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დამსახურება გამოყო. „უნდა აღვნიშნო, საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ქალბატონ თინათინ ცერცვაძისა და სოფო ვეფხვაძის მართლაც განსაკუთრებული ღვაწლი როგორც ახალგაზრდა თაობის განვითარებისთვის ასევე ჩემი, როგორც პედაგოგის წინსვლისთვის“-განაცხადა მან.