ჩუმლაყის საჯარო სკოლის დებატკლუბი
„დებატკლუბმა ჩემი მოსწავლეებისა და პირადად ჩემი პედაგოგიური საქმიანობის წინსვლასა და კარიერულ განვითარებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა. დებატკლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად წამყვანი მასწავლებელიც გავხდი, რამაც მომცა საშუალება ბავშვებთან ერთად გავზრდილიყავი და გავმხდარიყავი მეტად კრეატიული. დებატები ასევე დამეხმარა სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარის განვითარებასა და ჩემი მიზნების მიღწევაში.“ – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის მასწავლებელი და დებატკლუბის ხელმძღვანელი, თია ზღაპარაძე 6 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და დებატების მნიშვნელობაზე საუბრობს.
თვითონაც პედაგოგის ოჯახში გაზრდილი, მოტივირებული და მოსწავლეებზე ორიენტირებული, დღეს უკვე მათ არაფორმალურ განათლებაზე ზრუნავს. “მასწავლებლობა ჩემთვის სიყვარულია და ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი შედეგისთვის ბრძოლაა პროფესიულ საქმიანობაში“,- აღნიშნავს თია ზღაპარაძე.
სოფელ ჩუმლაყის სკოლა 1974 წელს აშენდა და დღემდე ახორციელებს სწავლებას არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩუმლაყელ ბავშვებთან ერთად სწავლობენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, თანატოლები მეზობელი სოფელ ყიტაანიდან.
პანდემიის მიუხედავად, ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს დებატების კლუბიც. ონლაინ ფორმატშიც და პირისპირ მოსწავლეები წარმატებით ართმევენ თავს ახალი ცოდნისა და უნარების ათვისებას. მათ შორის არიან გამორჩეულებიც, რომელთაც წარმატებებს მიაღწიეს არამარტო მუნიციპალიტეტის, ასევე ქვეყნის მასშტაბითაც.
თია ზღაპარაძე ერთ-ერთი წარმატებული მოდებატის ისტორიას გამოყოფს. ნატალი 2020 წლის გაზაფხულიდან ჩაერთო კლუბში. „ჩვენი მეცადინეობის გარდა ის აქტიურად ესწრებოდა ქალბატონ სოფო ვეფხვაძესთან შეხვედრებს მთელი ზაფხულის განმავლობაში. აქედან დაიწყო მისი განსაკუთრებული ინტერესი და აქტიურობა. ნატალიმ მონაწილეობა მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადვოკატირების პროცესის წარმართვაში, წარადგინა საპროექტო წინადადება და ხუთ საუკეთესო პროექტში გამოარჩიეს მისი ნამუშევარი. ამას მოყვა შემდეგი წარმატებებიც მის უნივერსიტეტში.“-ამბობს პედაგოგი. მისივე თქმით, ნატალიმ, როგორც კლუბის სხვა წევრებმა, დებატების სწავლებით განივითარა სიტყვით გამოსვლის ხელოვნება და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი. არაფორმალური განათლების მიღების შემდეგ კი ის თელავის ამერიკულ კუთხეში გახდა მოხალისე და ჩაერთო მთელ რიგ აქტივობებში. „ჩვენი ნატალი აღმოჩენაა ჩვენი სკოლისთვის და მიხარია, რომ სწორედ დებატების წყალობით ამდენ წარმატებას მიაღწია“,-აცხადებს თია ზღაპარაძე.