
საქართველოში ერთ-ერთი პირველი დებატკლუბის ისტორიის შესახებ
„ჩვენი სკოლა დებატების სწავლების უკვე მრავალ წელს ითვლის. ჯერ კიდევ თავის დროზე დებატების დანერგვა საგანმანათლებლო სივრცეში, მართლაც ძალიან პროგრესული და საინტერესო ნაბიჯი იყო. ეს იყო და არის სწავლება, რომელიც ანვითარებს მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებას, ლოგიკურ და არგუმენტირებულ მსჯელობას, ანვითარებს ყველა იმ უნარს, რაც ასეთი მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანისთვის“, – განაცხადა სკოლა „ჯეჯილი“-ს დირექტორმა ნინო ჩივაძემ. მანანა პარკაძის მიერ დაფუძნებული კერძო სკოლა პირველი იყო ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც 90-იანი წლების ბოლოს პირველი დებატების კლუბი შეიქმნა.
1902 წელს გორის მერმა გრიგოლ ლოლაძემ ხელმოკლე ოჯახებისთვის დაწყებითი განათლების სკოლა როცა გახსნა, არც უფიქრია რომ 90 წლის შემდეგ ამ საქმეს უკვე მისი შვილიშვილი და შემდეგ შვილთაშვილი გააგრძელებდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებში სრულიად ახალი კონცეფციის საგანამანათლებლო კერას გახსნიდა. კერძო სკოლა “ჯეჯილი” პირველი მერცხალი იყო საქართველოს განათლების სექტორში. 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ჯერ კიდევ კანონიც კი არ არსებობდა კერძო სკოლების შესახებ, მანანა პარკაძემ შვილიშვილის სასკოლო განათლების საკითხი გლობალურად გადაჭრა და სკოლა დააფუძნა.
„როდესაც მაშინდელ განათლების მინისტრს, გუჩა კვარაცხელიას სასკოლო კონცეფცია წარვუდგინე, ხელმოსაჭიდი დოკუმენტები მოითხოვა, მამაჩემის მიერ მუზეუმიდან გამოტანილი დოკუმენტები წარვადგინე. ისტორიული მასალები წინაპრების გრიგოლ ლოლაძის და დათა პარკაძის დამსახურებებს ასახავდა განათლების სისტემაში: როგორ შექმნეს სკოლა ხელმოკლე ოჯახებისთვის; როგორ მისცეს შესაძლებლობა მათ მიეღოთ დაწყებითი განათლება და ა.შ.“- აღნიშნა სკოლის დამფუძნებელმა მანანა პარკაძემ, რომელიც უკვე 80 წლისაა, თუმცა დღესაც გამოირჩევა ყველაზე თანამედროვე და ინვოაციური იდეებითა თუ შეფასებებით საგანმანათლებლო სექტორში.
„ვენდოთ მემკვიდრეობით გამოცდილებას“-მიუხედავად საკანონმდებლო ბაზის არქონისა, ეს რეზოლუცია მაშინდელმა განათლების მინისტრმა გუჩა კვარაცხელიამ კერძო სკოლის იდეას სწორედ წინაპრების დიდი და კეთილი წამოწყების გამო დააწერა. მეოცე საუკუნის დასაწყისში გრიგოლ ლოლაძის სკოლაში საგანმანათლებლო საქმიანობას იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ლომოური და ანდრია ყარაშვილი ეწეოდნენ. ამ დიდი სახელების გავლენა საუკუნის მერეც იგრძნობოდა საბჭოთა სკოლისგან აბსოლუტურად განსხვავებული მოდელის შექმნისას.
კერძო სკოლაში შექმნის დღიდან ყველა ის სიახლე და ნოვატორული იდეა იყო განხორციელებული, რაც ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში აქტუალური ათეული წლების მერე გახდა.
ასეთი ნოვაცია იყო „ჯეჯილისთვის“ დებატების კლუბის დანერგვაც. იდეა მანანა პარკაძეს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშნველოვან და სრულიად ახალ საერთაშორისო ტრენინგზე თინათინ ცერცვაძე გაიცნო და მისით ისე მოიხიბლა, რომ სკოლაში სამუშაოდ მიიწვია. დებატების კლუბის შექმნასთან ერთად, მალევე, სასკოლო საქმიანობაში დღევანდელობისთვის უკვე აუცილებელი პრაქტიკა დაინერგა, თინათინ ცერცვაძე სკოლის ფსიქოლოგიც გახდა.
„ჩვენს სკოლაში ძალიან ბევრი სიახლე გვქონდა. ის, რასაც ჩვენ ახლა რეფორმას ვეძახით, 30 წლის წინ მანანა პარკაძემ შემოიტანა პირველმა სკოლაში“-სკოლის ამჟამინდელი დირექტორი ნინო ჩივაძე საგვარეულო შტოში მეხუთე თაობას წარმოადგენს და სკოლის ნოვატორულ ტრადიციას განაგრძობს.
დებატების კლუბმა სკოლის მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტი ასპარეზი გაუხსნა. ყოველკვირეული ტრენინგები, ეროვნულ თუ საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვება მოსწავლეებისთვის მოტივაციასთან, ახალ წარმატებებთან ერთად, აუცილებლობაც გახდა. დებატების კლუბის 20 წლიანი არსებობის შემდეგ კი დებატები, როგორც სავალდებულო საგანი სასკოლო კურიკულუმშიც გაჩნდა. „2018 წლიდან ჩვენს სკოლაში დებატები როგორც სავალდებულო საგანი ისე ისწავლებოდა. დებატების დანერგვა საგანმანათლებლო სივრცეში, მართლაც ძალიან პროგრესული და საინტერესო ნაბიჯი იყო. ეს არის საგანი, რომელიც ანვითარებს მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებას, ლოგიკურ და არგუმენტირებულ მსჯელობას “, – განაცხადა სკოლის დირექტორმა ნინო ჩივაძემ.