
დებატკლუბის ხელმძღვანელი ლელა ტალახაძე დებატების სწავლების მნიშვნელობის შესახებ
„აშკარა და შესამჩნევია მოსწავლეებში აზრის ჩამოყალიბებისა და სიტყვით გამოსვლის უნარის განვითარება. სამუშაო შეხვედრების წყალობით ბავშვები არა მარტო დებატის ტექნიკას სწავლობენ, არამედ მეტად თავდაჯერებული და თავისუფლები ხდებიან. ამჟამად კლუბში 20 ახალბედა მოსწავლეა გაწევრიანებული, არიან უკვე გამოცდილი, ძველი კლუბის წევრებიც.”
თბილისის ჯამბულ წურწუმიას სახელბის N94 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ლელა ტალახაძე დებატების კლუბს 2020 წლიდან ხელმძღვანელობს და წელს უკვე დებატების ტურნირის მსაჯის სტატუსიც მოიპოვა. ეს წარმატება მისთვის განსაკუთრებით სასიხარულო და სტიმულის მიმცემია.
პანდემიით, დისტანცირებული სასწავლო პროცესით და დებატების კლუბის საქმიანობაში დროებითი შესვენებით გამოწვეული დაბნეულობა ლელასთვის და მისი მოსწავლეებისთვის ერთმა სატელეფონო ზარმა შეცვალა. „მარტის თვიდან, როდესაც პირველი მეცადინეობები უნდა ჩაგვეტარებინა, დაიხურა სკოლები. მსოფლიომ და მასთან ერთად საქართველომ სხვა რეალობაში გაიღვიძა. ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, ვერც წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა საქმის გაგრძელება, ჩავთვალე, რომ ყველაფერმა დაკარგა აზრი. თინათინ ცერცვაძის მოულოდნელმა სატელეფონო ზარმა ყველაფერი ერთ წამში შეცვალა“,-აღნიშნა პედაგოგმა. საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელის შეტყობინება, რომ კლუბი ახალ რეალობაში, სრულიად სხვა შესაძლებლობებით უპრობლემოდ შეძლებდა მუშაობის გაგრძელებას განსაკუთრებით საიმედო და სასიხარულო აღმოჩნდა. „ონლაინ-პლატფორმების დახმარებით სამუშაო შეხვედრები წამოვიწყეთ, გავმხნევდით ჩვენც და გავამხნევეთ ბავშვებიც, რომლებიც ჩვენზე არანაკლებ დაბნეულები იყვნენ შექმნილი სიტუაციის გამო“.
ლელა ტალახაძეს მოულოდნელმა ცვლილებამ ბავშვობის საინტერესო ისტორია გაახსენა – „რამდენიმე დღის განმავლობაში გონებაში ჩემი ბავშვობის მოგონება მიტრიალებდა. მახსოვს ერთ დღეს მამა სამუშაოდან ძალიან დაღლილი და დამწუხრებული დაბრუნდა ( მამა მემანქანე იყო), სამზარეულოდან მის სიტყვებს მოვკარი ყური – „მატარებელი დიდი სიჩქარით გამომექცა დაღმართზე და შეჩერება სასწაულით მოვახერხე, კიდევ კარგი რელსებიდან არ გადამივარდაო“,- თავს იმშვიდებდა ხიფათს გადარჩენილი. „რა მოხდებოდა რელსებიდან რომ გადავარდნილიყო“ -მეთქი, -ჩავეძიე მამას. „არა, არ შეიძლება, მატარებელი რელსებიდან არ უნდა გადაგივარდეს, თორემ დიდი უბედურება მოჰყვებაო“,- ამიხსნა მარტივად. მე მაშინ მაიცდამაინც ვერ გავიგე რატომ იყო უბედურება, მაგრამ მარტის ამ მძიმე დღეებში, რატომღაც სწორედ ეს მახსნდებოდა და ჩემს წარმოსახვაში ვიმეორებდი: აი, მამა, არც ჩვენ გადაგვივარდებაა მატარებელი რელსებიდან -მეთქი. პროექტში დებატები უკეთესი განათლებისთვის ყოფნა, ყოველდღიურად მაძლიერებდა და ამყარებდა ამ ჩემს რწმენას, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაგვატყდებოდა თავს უბედურება. ასეც მოხდა, მე არამხოლოდ დებატების კლუბი გავხსენი, გავააქტიურე და მყარი ნავსაყუდელი გავუჩინე ჩვენს ახალგაზრდებს, არამედ გასაოცარი წინსვლა გავაკეთე ჩემს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში.”
მას პედაგოგობას ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან უწინასწარმეტყველებდნენ, რაზეც მაშინ ეცინებოდა და სამსახიობო კარიერისთვის ემზადებოდა. მაგრამ გავიდა წლები და ფოლოლოგიური განათლების მიღების შემდეგ რედაქციის და სტამბის ნაცვლად 94-ე საჯარო სკოლაში აღმოჩნდა. პირველმა შეხვედრამ ბავშვებთან და პირველმა ბავშვურმა ემოციებმა ყველაფერი შეცვალა. „შეუდარებელი იყო პირველი ემოციები, ბავშვების მეტყველმა თვალებმა, რომლებიც ისე შემოგყურებენ, თითქოს ღმერთი იყო და შენგან სასწაულს ელოდნენ, ისე დადებითად დამმუხტეს, რომ მას შემდეგ აღარასდროს მიფიქრია სკოლიდან წამოსვლაზე და, რომც მეფიქრა, ვერ დავთმობდი მათ სიყვარულს.“- განაცხადა ლელამ.
მას შემდეგ დღემდე სსიპ თბილისის ჯამბულ წურწუმიას სახელბის N 94 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, უკვე წამყვანის სტატუსით, სასკოლო საქმიანობაში აქტიურად ჩართული და არაერთი პროექტისა თუ აქტივობის ინიციატორი და მონაწილე.
2020 წელს დებატების კლუბის გახსნა ერთ-ერთი წარმატებული გადაწყვეტილება აღმოჩნდა. „აშკარა და შესამჩნევია მოსწავლეებში აზრის ჩამოყალიბებისა და სიტყვით გამოსვლის უნარის განვითარება. სამუშაო შეხვედრების წყალობით ბავშვები არა მარტო დებატის ტექნიკას სწავლობენ, არამედ მეტად თავდაჯერებული და თავისუფლები ხდებიან. ამჟამად კლუბში 20 ახალბედა მოსწავლეა გაწევრიანებული, არიან უკვე გამოცდილი, ძველი კლუბის წევრებიც.“- განაცხადა ლელა ტალახაძემ.