საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

დებატკლუბის ხელმძღვანელი ეკატერინე სამხარაძე დებატების კლუბის წარმატების შესახებ

დებატკლუბის ხელმძღვანელი ეკატერინე სამხარაძე დებატების კლუბის წარმატების შესახებ

დებატკლუბის ხელმძღვანელი ეკატერინე სამხარაძე დებატების კლუბის წარმატების შესახებ

„გასულ წელს მხოლოდ ონლაინ შეხვედრები გვქონდა მთელი წლის განმავლობაში, იყო სირთულეები, კლუბის რამდენიმე წევრს კოვიდი შეხვდა, თუმცა მათი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ საავადმყოფოდან ერთვებოდნენ შეხვედრებს საკუთარი სურვილით“ – დებატკლუბის ხელმძღვანელი თბილისიდან, ეკატერინე სამხარაძე დებატების კლუბის წარმატებებზე საუბრობს.

 

“დებატების კლუბში მხოლოდ ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლების საშუალება კი არ არის, არამედ მასში ჩართული მოსწავლეებისთვის წარმატებული მომავლისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯია“, – ქ. თბილისის N216 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ეკატერინე სამხარაძემ ორი წლის წინ თავად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს დაკავშირებოდა და სკოლაში სიახლის დანერგვით  თვითგანვითარებასთან ერთად მოსწავლეებისთვის ახალი ცოდნის და უნარების შეძენის შესაძლებლობა მიეცა. შედეგმაც არ დააყოვნა. „დებატების კლუბში აქტიური ჩართულობით მიღწეული წარმატება ყველა ჩემს მოსწავლეში დავინახეთ მეც და კოლეგებმაც. გარდა იმისა, რომ ფორმალური დებატების ტექნიკა ისწავლეს, გახდნენ თავდაჯერებული, აქტიური, გამოხატავენ მეტ ინტერესს და ერთვებიან სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში“,-აღნიშნა ეკატერინე სამხარაძემ.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლისას, პედაგოგიკის სწავლის კურსი გაიარა და სწორედ მას შემდეგ მიხვდა რომ ეს იყო მისი მომავალი პროფესიული არჩევანი. სკოლაში 2011 წლიდან მუშაობს. „ცოტა  მეგულება ამაზე უფრო დიდი, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე, ვიდრე მასწავლებლობაა. დაეხმარო მოსწავლეს შეიძინოს ცოდნა და უნარები – ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მასწავლებლისგან მოითხოვს არასოდეს შეწყვიტოს თვითგანვითარებაზე ზრუნვა, ამასთან  შეძლოს მოსწავლის დაინტერესება მისთვის სიახლის შეთავაზებით“,- სწორედ ამიტომაც პირადი ინიციატივით და ძალიან დიდი ძალისხმევით, საკუთარი სკოლა ჩართო დებატების ორგანიზაციის ნოვატორულ პროექტში, როგორც თავად ამბობს, ისეთი იყო მისი მონადომება, რომ ორგანიზატორებიც კი გააკვირვა. მისივე თქმით, მან იცოდა, რომ დებატების ორგანიზაციის პროექტში მოსახვედრად, სკოლებს საკმაოდ დიდი და მყარი რეკომენდაციები სჭირდებოდათ და მხოლოდ შემდეგ მიეცემოდათ თუნდაც კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, მას კი ისეთი დიდი ინტერესი და სურვილი ჰქონდა აქ მოხვედრის, რომ არა მარტო მთელი შემართებით მოიპოვა კონკურსში გავლის უფლება, წარამატებითაც გაიარა ის და დღეს უკვე საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მხარდაჭერით დებატების კლუბიც აქვს საკუთარ სკოლაში.

“მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც უდგას დღეს ჩვენს მცირეკონტიგენტიან სკოლას, სიახლეებისთვის ძალისხმევას მაინც არ ვიშურებთ” – ამბობს ეკა. “ყოველკვირეული შეხვედრები რეგულაციების დაცვით პირისპირ ტარდება. გასული წლის განმავლობაში ტრენინგები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა,  იყო ბევრი სირთულე, მაგრამ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის წარმომადგენლების მუდმივი ჩართულობით, დაუზარელი გვერდში დგომით, გრძელვადიანი და საქმიანი თანამშრომლობით ყველაფერი დავძლიეთ”.