საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

გურჯაანის N4 საჯარო სკოლის დებატკლუბი

გურჯაანის N4 საჯარო სკოლის დებატკლუბი

გურჯაანის N4 საჯარო სკოლის დებატკლუბი

„მიხარია, რომ წელსაც მაქვს საშუალება დებატების სწავლებით ჩემი წვლილი შევიტანო მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებასა და წარმატებული მომავლის ხელის შეწყობაში“, – განაცხადა ქ. გურჯაანის N4 საჯარო სკოლის დებატკლუბის ხელმძღვანელმა, ნანა ტატიაშვილმა.

„ჩემთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და დიდი პასუხისმგებლობა იყო იმ დებატკლუბის ხელმძღვანელობა, რომლის ჩამოყალიბებისა და გახსნის შესაძლებლობაც საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა მოგვცა“,- ნანა ტატიაშვილი 30 წელია, რაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ამ წლების განმავლობაში ის გამოირჩევა განსაკუთრებული დაინტერესებით პროფესიულ განვითარებაზე,  წინსვლაზე მუდმივი ზრუნვითა და სიახლეებისადმი სწრაფვით. თუმცა იმ თანამშრომლობამ და გამოცდილებამ რაც დებატების ორგანიზაციაში მიიღო, მის ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

მან ქ.გურჯაანის გურამ ჭილაშვილის სახელობის N4 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო, განსაკუთრებით აღნიშნავს სკოლის დირექტორის ოთარ ჭილაშვილის დამსახურებას ყველა იმ წარმატებაში, რომელსაც სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები აღწევენ. ნანა ტატიაშვილის თქმით, სკოლა გამოირჩევა შემოქმედებითი და დემოკრატიული გარემოთი, თამამი გადაწყვეტილებებით და სიახლეების დანერგვით.  როგორც პედაგოგი ამბობს „სკოლაში ისწავლება 4 უცხო ენა, დამკვიდრდა შიდა სასკოლო გამოცდები, სკოლა თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნოვერსიტეტთან, რომლის პროფესორ-მასწავლებლები კვირაში ორჯერ ჩამოდიოდნენ გაკვეთილების ჩასატარებლად, ასევე დანერგილია შეფასების 10 ბალიანი სისტემა და გაერთიანებული გაკვეთილები, ინფორმატიკა მე-5 კლასიდან ისწავლება  და, ამასთანავე, ფუნქციონერებს ნორჩ პროგრამისტთა, მათემატიკოსთა და ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამერიკასთან ურთიერთობას, რაც აისახა ჩვენი მოსწავლეების FLEX-ის პროგრამაში გამარჯვებასა და აშშ-ში სწავლაში. ახლაც ერთი მოსწავლე იმყოფება ამერიკაში“. თავადაც ორჯერ იმყოფებოდა აშშ-ში გაცვლითი პროგრამით, უმასპინძლა ამერიკელ პედაგოგებს საქართველოში, მონაწილეობდა საერთაშორისო სემინარებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში.

საამაყოა, რომ სკოლა ისევ აგრძელებს მსგავს თანამედროვე აქტივობებში ჩართულობას და სწორედ ამის დასტურია, რომ სკოლაში გრძელდება დებატკლუბის აქტიური მუშაობა და, შესაბამისად, წარმატების გზაზე სვლა. ნანა კი აგრძელებს კლუბის ხელმძღვანელობას და მოსწავლეების წარმატებებს სიხარულით ითვლის.

გურჯანის N4 სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოდებატე საერთაშორისო დებატებში მონაწილეობისთვის უცხოეთში იმყოფებოდა. კიდევ ერთი მოდებატე სასწავლებლად გერმანიაში გაემგზავრა. ასეთი წარმატება მრავალია და მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ თითოეულის წინაპირობა ის უნარებია, რომლებსაც მოსწავლეები დებატკლუბში ივითარებენ. “დებატებში მონაწილეობამ მოსწავლეებს ჩამოუყალიბა დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარები. თითოეული მათგანი უფრო თავისუფალი და თავდაჯერებული გახდა“,- განაცხადა ნანა ტატიაშვილმა.