Georgian institue for debate and education

  • Phone: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

ახაშნის დებატკლუბი

ახაშნის დებატკლუბი

“როგორც დებატების კლუბის ხელმძღვანელი ვამაყობ, რომ სწორედ მე მხვდა წილად ბედნიერება გამევლო ეს ტრენინგი და გამეგო მეტი დებატების შესახებ, რადგან ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ბავშვის მრავალმხრივი უნარების განვითარებისთვის,” – ამბობს ახაშნის დებატების კლუბის ხელმძღვანელი, ირმა გელაშვილი.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროექტში სკოლა პირველად  ჩაერთო, არასდროს არ გაგვიწყვეტია მათთან კონტაქტი, სულ ვცდილობთ, რომ ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, მივიღოთ მონაწილეობა და მუდმივი კონტაქტი გვქონდეს ასეთ ძლიერ და საოცრად თანამშრომლობით ორგანიზაციასთან. კლუბმა დასაწყისიდანვე აქტიურად დაიწყო მუშაობა და მოსწავლეების წარმატეტებმაც არ დააყოვნა. რეგიონულ ტურნირზე  სკოლის დებატების კლუბი პირველ ადგილზე გავიდა. ასევე, ახაშნის სკოლის მოდებატეები ათ საუკეთესო მომხსენებლებს შორის მოხვდნენ და 1-2-4- ადგილებზე გავიდნენ.

როგორც ირმა გელაშვილმა აღნიშნა, კლუბს დიდი გულშემატკივარი ჰყავს სკოლის დირექტორის სახით. პირველ გამარჯვებას მისი გადაწყვეტილება მოჰყვა. მოტივაციის კიდევ უფრო ასამაღლებლად ბავშვები  სვანეთში სამდღიანი ექსკურსიით  დასაჩუქრდენენ, ირმა გელაშვილს კი, როგორც კლუბის ხელმძღვანელს პრემია გადაეცა.

„თაობები იცვლება და წელს მაის-ივნისის თვეში გამართულ რეგიონალურ-ეროვნულ ტურნირში მონაწილე, კლუბის ახალმა მოსწავლეებმაც ასევე წარმატებით იასპარეზეს და 126 გუნდს შორის, პირველ ეტაპზე გადავიდნენ მერვედფინალში, მოხვდნენ რვა საუკეთესო გუნდს, შემდეგ კი ოთხ საუკეთესო გუნდს შორის“,- განაცხადა პედაგოგმა. როგორც მან გვითხრა, ამ წარმატების გამო დირექცია კლუბს ბაკურიანში ექსკურსიით აჯილდოებს.

სოფელი გურჯაანის დებატკლუბები

„დებატების კლუბმა სრულიად გადააჭარბა მოლოდინებს. ეს არის ულევი შესაძლებლობების წყარო, რომელიც ადამიანის მუდმივ განვითარებას უწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვანია ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე“,- ამბობს სოფელი გურჯაანის დებატკლუბის ხელმძღვანელი თეა მანოშვილი.

მას შემდეგ რაც საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს დაესწრო, სრულად გაეცნო დებატების ტექნიკას და კლუბის მუშაობის სტრუქტურას, გადაწყვიტა თავადაც მიეღო მონაწილეობა ახალგაზრდების მომზადებაში. სკოლის დებატების კლუბის ყოველკვირეული მეცადინეობები თეას მაღალი შეფასებების შესაძლებლობას აძლევს. „პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები ეუფლებიან დებატების ტექნიკისა  და საჯარო გამოსვლის ხელოვნებას, სწავლობენ არგუმენტირებული და ანალიტიკური აზროვნებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, დროის მართვას, მსჯელობენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და პრობლემების სხვადასხვა კუთხით დანახვის უნარს ივითარებენ, სწავლობენ იდეების ურთიერთგაცვლას, კომუნიკაციას და აკეთებენ უკუკავშირებს.“-განაცხადა თეა მანოშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, კლუბში კვირაში ერთხელ იმართება შეხვედრა, მოსაწავლეები ჩართულები არიან მრავალ აქტივობაში, კონკრეტული სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობენ და რაც მთავარია, დებატობენ. „მოსწავლეები სწავლობენ ფორმალურ დებატებს, ასრულებენ ჯგუფურ სავარჯიშოებს, პრაქტიკულ დავალებებს, პრეზენტაციებთან ერთად და დისკუსიებთან ერთად ეუფლებიან  ორატორულ ხელოვნებას. ეს პროექტი იმიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ხდება აზრთა გაზიარება, საკუთარი პოზიციის გამოხატვა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობა, ხდება უამრავი ინფორმაციის მიღება, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ თავიანთ სამომავლო საქმიანობაში,“- განაცხადა თეა მანოშვილმა, რომლის თქმითაც დებატების კლუბს საინტერესო გეგმებთან ერთად დიდი მომავალი აქვს.

 

“დებატების კლუბმა დიდი გავლენა იქონია ჩემს მოსწავლეებზე. ისინი თავდაჯერებული და მეტად შრომისმოყვარენი გახდნენ, ჩამოუყალიბდათ კვლევა -ძიების, არგუმენტირებული მსჯელობის და მოსმენის კულტურა“,- განაცხადა სოფელ გურჯაანის დებატკლუბის ხელმძღვანელმა ეკატერინე ხარაზიშვილმა (არჩევნიშვილმა).

თავისი გამოცდილების შესახებ საუბრისას ეკა ხარაზიშვილი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტში თინათინ ცერცვაძესთან და სოფიო ვეფხვაძესთან შეხვედრას და ტრენინგებს განსაკუთრებული ემოციებით იხსენებს.        „სასიხარულოა, რომ დებატების კლუბების ფუნქციონირება პირველად ყველაზე აქტიურად გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ხელშეწყობით.“  

„ჩვენ ისეთი ტრენინგები გავიარეთ დებატების ორგანიზაციის მესვეურებთან, რომ მართლაც წარუშლელი კვალი დატოვა ამ სწავლებამ ჩვენზე და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი და საამაყო კლუბებიც გავხსენით და ვამუშავეთ.“-აღნიშნა მან.

დებატების კლუბის მოსწავლეების აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის სხვადასხვა აქტივობაში და ის მიღწევები, რაც მათ რეგიონულ თუ ნაციონალურ ტურნირებში აქვთ, ნამდვილად სასიხარულო და სტიმულის მომცემია დანარჩენი მოდებატეებისთვის.

წინასაახალწლო შეხვედრა დებატების სკოლასთან

ჩვენი წინასაახალწლო და ამ წლის ბოლო შეხვედრა დებატსკოლის წევრებთან. სულ მალე მათ კიდევ უფრო გასაოცარ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ საახალწლო ფილმის შეფასებებიდან.

#დებატებიუკეთესიგანათლებისთვის

სუპერვიზირება ქ. თბილისის N149 საჯარო სკოლაში

საახალწლოდ განსაკუთრებულად მორთული და შთამბეჭდავი ქ. თბილისის N149 საჯარო სკოლით ვამთავრებთ ამ წლის სუპერვიზირებებს ჩვენს პროექტში #დებატებიუკეთესიგანათლებისთვის. ძალიან გვიხარია, რომ ასეთ საოცარ გარემოში კიდევ უფრო მეტად გასაოცარ დებატების კლუბთან მოგვიწია წლის ბოლოს შეხვედრა

სუპერვიზირება ქ. თბილისის N14 საჯარო სკოლაში

ერთიორად გვახარებს ჩვენი სუპერვიზირებების დროს ასე აქტიურად ჩართულ მოსწავლეებთან შეხვედრა, რომლის ნათელი მაგალითიც გვქონდა თბილისის N14 საჯარო სკოლაში.

#დებატებიუკეთესიგანათლებისთვის

შეხვედრა პარლამენტში – UNICEF Georgia

საქართველოს პარლამენტში პროექტის “სკოლები, როგორც სოციალური მოდელი – გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია UNICEF Georgiaს და ნორვეგიის მთავრობის მიერ, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სკოლების, მასწავლებლების დაკომპლექტების, გადამზადებისა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ჩართვის შესახებ.

სუპერვიზირება ქ. თბილისის N155 საჯარო სკოლაში

მოხარულები ვართ, რომ შევხვდით ასეთ მოტივირებულ და დაინტერესებულ მოსწავლეებს ქალაქ თბილისის N155 საჯარო სკოლაის დებატკლუბში. სკოლასთან უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და მუდმივად გვახარებს ასეთი აქტიური მასწავლებლის და მოსწავლეების ნახვა, რომლებსაც მიუხედავად აბიტურიენტობისა, მაინც სურთ დებატების კლუბში სწავლის გაგრძელება.

#დებატებიუკეთესიგანათლებისთვის

დებატების სკოლის პირისპირ შეხვედრა ეროვნულ მუზეუმში

ყოველი პირისპირ შეხვედრა ჩვენი დებატსკოლის მოსწავლეებთან განსაკუთრებული შთამბეჭდაობით ხასიათდება. გამონაკლისი არც ეს ბოლო შეხვედრა იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დარბაზში. განსაკუთრებული მადლობა მუზეუმის განათლების დეპარტამენტს ასეთი მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობისათვის. თქვენთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნებაა!

#დებატებიუკეთესიგანათლებისთვის

კარდენახის დებატკლუბები

„მას შემდეგ რაც დებატებში ჩავერთეთ, არაჩვეულებრივი ტურნირების, სწავლებისა და თავგადასავლების მომსწრე გავხდით მე და ჩემი მოსწავლეები. თითქოს ერთი დიდი ოჯახი ვართ, იმდენი რამ გამოვიარეთ ერთად“ – დებატკლუბის ხელმძღვანელი კარდენახიდან, ნანა შაკიაშვილი, რომელიც უკვე ტურნირებსაც მსაჯობს, საუბრობს მიღებულ პროფესიულ გამოცდილებაზე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა გამორჩეულია. იმდენად დიდია მოსწავლეების ინტერესი და ადმინისტრაციის მხრიდან ისეთი მხარდაჭერა აქვთ, რომ აქ ერთდროულად ორი დებატების კლუბი მოქმედებს. –  „დირექცია და ადმინისტრაცია ყველანაირად მხარს გვიჭერს ჩვენი სკოლის ორივე დებატების კლუბს; ჩვენთან ერთად არიან ჩართულები საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ღონისძიებებსა და ისეთ აქტივობებში, როგორიცაა საჯარო დებატები. მთელი სკოლა მუდმივად იზიარებს ჩვენს სიხარულსა და წარმატებას.“ – განაცხადა ნანა შაკიაშვილმა.

გერმანული ენის პედაგოგი პირველად დებატებში გასაუბრების შედეგად მოხვდა. მაშინვე მიხვდა, რომ ძალიან უნდოდა  დებატების კლუბის ჩამოყალიბებაში მიეღო მონაწილეობა. „ჩემი ჩართვის მიზეზი ის ადამიანები იყვნენ, ვინც პირველად ვნახე გასაუბრებაზე და იმდენად დამაინტერესა მათთან ურთიერთობამ, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავი! შედეგმა კი მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. დებატებში ასე აქტიურად ჩემი და შემდეგ ჩემი მოსწავლეების ჩართვა და წარმატებები, მართლაც გასაოცარი ამბავია, რაც განპირობებული იყო სწორად GIDE-ის მიერ მოწოდებული მასალებით, ჯანსაღი და სასიამოვნო დამოკიდებულებით და მუდმივი თანამშრომლობით. აქ ჩვენთვის ყოველთვის სცალიათ, ყოველთვის ზრუნავენ, ცდილობენ ახალ-ახალი გამოცდილება გაგვიზიარონ, ყველანაირად მხარი დაგვიჭირონ, წაგვახალისონ“,-აღნიშნა ნანა შაკიაშვილმა.

სამი წლის განმავლობაში კარდენახის საჯარო სკოლის დებატების კლუბმა საინტერესო გზა გაიარა: დებატებიდან დებატებამდე, არაერთი ტრენინგი და ეროვნული ტურნირი, საინტერესო თავგადასავალი და აღიარება. მოსწავლეების  ცოდნა და შესაძლებლობები გაიზარდა, დებატების ტექნიკის შესწავლასთან ერთად ეს მნიშვნელოვნად აისახა მათ პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაზე.

„დებატების დროს ბავშვებთან თვალსაჩინოდ ჩანს პირველ სიტყვას როგორ მხნედ, მაგრამ დაძაბულად ამბობენ, შემდეგ კი შლიან ფრთებს და ზოგჯერ ისე შედიან როლში, ვერც წარმოიდგენ ადამიანი, რომ  ეს ის გაუბედავი ახალგაზრდები არიან, ცოტა ხნის წინ რომ უჭირდათ საუბარი“. დებატების კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, ნანა შაკიაშვილისთვის არანაკლებ საინტერესო იყო მსაჯის გამოცდილება. ამ საპატიო ტიტულს, ის  განსაკუთრებით მნიშვნელოვნად და საპასუხისმგებლოდ მიიჩნევს.

 

 

„სამი თუ ოთხი წლის წინ დაიწყო ჩემი დებატებთან ურთიერთობა, მაგრამ მგონია, რომ დებატებთან ერთად ვარ მთელი ცხოვრებაა. დებატების ტექნიკას ვიყენებ როგორც ხელოვნებაში, ასევე მუსიკასა და ყოველგვარ ურთიერთობაში. ამ ახალმა პროფესიამ და დებატების ორგანიზაციის განსაკუთრებულ ადამიანებთან ურთიერთობამ ისე ჩამითრია, რომ უკვე ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება“. – ამბობს  დებატკლუბის ხელძღვანელი კარდენახიდან, ნინო კორკოტაშვილი.

 

“ძალიან მინდა ჩემმა მოსწავლეებმა დებატები აღიქვან როგორც ხელოვნება”, – ნინო კორკოტაშვილისთვის დებატების სწავლება წლების წინ ახალი გამოწვევა იყო, შემდეგ კი ახალ გატაცებად იქცა. ის პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად სამუსიკო სკოლის მენეჯერია. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღე საკმაოდ დატვირთული აქვს, სიახლეების სიყვარულმა ახალ პროფესიასთან დააკავშირა. მოდებატე მოსწავლეების წარმატებებმა და  სკოლის დირექტორის და მასწავლებლების მხარდაჭერამ მოტივაცია კიდევ უფრო გაუმყარა.

კარდენახი ერთ-ერთი დიდი სოფელია გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ისტორიული წარსულითა და ისტორიული გმირებით. დღეს სოფლის საინტერესო ისტორიას ახალგაზრდა მოდებატეები ქმნიან. საჯარო სკოლაში 500-მდე მოსწავლე სწავლობს. როგორც ნინო ამბობს, წელიწადზე მეტია სკოლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ბავშვებს სამი სოფლის მოშორებით უწევთ სასწავლო პროცესში მონაწილეობა, მაგრამ ეს არ გამხდარა ხელისშემშლელი გარემოება დებატების კლუბის უწყვეტი ფუნქციონირებისათვის, ისევე როგორც ხშირად ცვალებადი სასწავლო რეჟიმი, როცა მოდებატეები უპრობლემოდ იკრიბებიან ონლაინ პლატფორმაზეც და დებატების ტექნიკას ეუფლებიან.

ნინო კორკოტაშვილისთვის ძალიან საამაყოა, რომ უკვე აქტიურ ასპარეზზე ხედავს თავის გამოზრდილ მოდებატეებს. დღეს ისინი რაიონის ახალგზარდულ საბჭოსა და სხვა საზოგადოებრივ პოზიციებზე არიან წარმოდგენილი. ნინოს მომზადებულმა მოდებატეების 3 გუნდმა საკმაოდ მაღალი შეფასებები დაიმსახურა ბოლო ეროვნულ ტურნირზეც.

პირველად დებატების კლუბში არააქტიური, არაყოჩაღი და დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების გაწევრიანებამ დიდი გაკვირვება გამოიწვია. „დამრიგებელს როცა წარვუდგინე მოსწავლეების სია, გაუკვირდა – ამ მოსწავლემ რა უნდა გააკეთოს დებატზე, გაკვეთილზე თუ ძალა არ დავატანე ხმას არ იღებსო – და მისდა გასაკვირად, ეს ბიჭი ყველაზე გამორჩეული მოდებატე გახდა მოდებატეებს შორის,”- სიამაყით აღნიშნავს ნინო.

 

მოსამზადებელი სამუშაოები გურჯაანში

გურჯაანის ახალგაზრდების საოცარმა აქტიურობამ საშუალება მოგვცა, რომ პირისპირ ჩაგვეტარებინა მოსამზადებელი სამუშაოები Tech Park Gurjaani • გურჯაანის ტექნოპარკი-ში