წარმატებული მოდებატეების შეხვედრა დედამიწის დღესთან დაკავშირებით
დედამიწის დღესთან დაკავშირებით წარმატებულად ჩატარდა ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ღონისძიებაზე 2024 წლის სტუდენტური ფესტივალის ტურნირის საუკეთესო მოდებატეები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, შეხვდნენ სტუდენტებს და დებატების სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად ემზადებიან დებატების ეროვნული ტურნირისთვის გარემოსდაცვით თემატიკაზე.
დებატების ეროვნული ტურნირი ხორციელდება „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ, პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში. ეროვნული ტურნირი მხარდაჭერილია „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.
დებატების ეროვნული ტურნირის მიზანია, დებატების ტექნიკის გამოყენებით გარემოსდაცვითი თემის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ უკვე არაერთი წელია ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.