ქართველების წარმატებები დებატების საერთაშორისო აკადემიაში – WSDA 2020
საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემიაში, რომელსაც ორგანიზებას „საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო ასოციაცია (IDEA)“ უწევს და რომელიც წელს პირველად ონლაინფორმატში გაიმართა, ქართველმა მოდებატეებმა ხუთიდან ოთხ თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვეს და აკადემიის ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ.
დებატების მასშტაბურ ფორუმში, რომელიც წელს უკვე ოცდამეათედ გაიმართა, ოცზე მეტი ქვეყნის ორასზე მეტი მოსწავლე და ორმოცდაათამდე დებატების წარმატებული მასწავლებელი და ტრენერი იღებდა მონაწილეობას აშშ-იდან, დიდი ბრიტანეთიდან, სინგაპურიდან, ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. დებატების საერთაშორისო აკადემია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.
დებატების საერთაშორისო ფორუმში საქართველოდან 5 საუკეთესო მოდებატე ჩაერთო, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის – მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა სიტყვით გამოსვლის ონლაინკონკურსის ტოპ ოცეულში მოხვედრის შემდეგ რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი გაიარეს დებატების საერთაშორისო აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად. საბოლოოდ კი შეირჩა 5 საუკეთესო მოდებატე თბილისის და კახეთის სკოლებიდან, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა დებატების საერთაშორისო აკადემიაში.