
პირველი საერთაშორისო საჯარო დებატი საქართველოში – ლატვიური დებატების ორგანიზაციის წარმომადგენლის ვიზიტი
პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, ლატვიური დებატების ორგანიზაციის ვიზიტის ფარგლებში, ჩატარდა პირველი საერთაშორისო საჯარო დებატები გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიასა და საგარეჯოს N4 საჯარო სკოლაში.
ამერიკული აკადემიის საჯარო დებატში მონაწილეობა მიიღეს ამავე სკოლის დებატების კლუბის, დებატების სკოლის და მწვანე სკოლის მოსწავლეებმა, მათ შორის დებატების საერთაშორისო ტურნირისთვის შერჩეულმა მონაწილეებმა, რომლებიც ივლისში სრული დაფინანსებით პრაღაში მიემგზავრებიან.
საგარეჯოს საჯარო დებატში მონაწილეობა მიიღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლების დებატების კლუბების მოსწავლეებმა და დებატების სკოლის წევრებმა. საჯარო დებატი საგანგებოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლების დებატების კლუბების ხელმძღვანელებისთვის გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, რესურსცენტრის და სკოლების დირექტორებიც ესწრებოდნენ. ღონისძიება ჩატარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებულად ჩატარდა ლატვიური დებატების ორგანიზაციის წარმომადგენლის საგანგებო შეხვედრა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებთან, რომლებიც გადიან დებატების სასწავლო კურსს. შეხვედრაზე ასევე აქტიურად ჩაერთო ფაკულტეტის დეკანი.