Georgian institue for debate and education

  • Phone: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

GIDE-ის დირექტორმა თინათინ ცერცვაძემ სადოქტორო დისერტაცია უმაღლესი შეფასებით დაიცვა

GIDE-ის დირექტორმა თინათინ ცერცვაძემ სადოქტორო დისერტაცია უმაღლესი შეფასებით დაიცვა

GIDE-ის დირექტორმა თინათინ ცერცვაძემ სადოქტორო დისერტაცია უმაღლესი შეფასებით დაიცვა

დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დირექტორმა, ფსიქოლოგმა თინათინ ცერცვაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კონფლიქტოლოგიის მიმართულებით, უმაღლესი შეფასებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „„მე“-ს ხატის ცვლილება დებატების სწავლების გზით.“

მრავალი წელია, დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ავითარებს საქართველოში შექმნილ და ქვეყნის რეალობაზე მორგებულ დებატების საგანმანათლებლო პროგრამას, რომელშიც ასეულობით მოსწავლე, სტუდენტი და მასწავლებელია ჩართული. თინათინ ცერცვაძის სადოქტორო კვლევა სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და Erasmus+-ის მხარდაჭერით, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტსა და ლაიფციგის უნივერსიტეტში მისი აკადემიური საქმიანობის პერიოდში. სადოქტორო კვლევა განხორციელდა პროფესორ გუგული მაღრაძის სამეცნიერო ხელმძღვანელობით. მისი დასკვნითი ეტაპის შესრულება კი შესაძლებელი გახდა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, ხოლო კვლევა განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში. სწორედ ამ პრაქტიკის, საერთაშორისო აკადემიური გამოცდილებისა და კვლევის საფუძველზე მეცნიერულად დადასტურდა დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ შექმნილი, ფორმალურ დებატებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამის პოზიტიური გავლენა პიროვნულ განვითარებაზე.

კვლევის შედეგებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა ქართველი და უცხოელი რეცენზენტების, სადისერტაციო კომისიის, სამეცნიერო ხელმძღვანელისა და აკადემიური საზოგადოების მხრიდან. ეს შეფასებები მნიშვნელოვანი საფუძველია კვლევის შედეგების საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციებად განვითარებისა და აკადემიურ სივრცეში მათი ფართო გაზიარებისთვის, რისი განხორციელებაც უკვე დაწყებულია.

დისერტაციის დაცვაში აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად მონაწილეობდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომელთა ჩართულობამ და შეფასებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კვლევის შედეგების მნიშვნელობა განათლების სისტემისთვის.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ ჩვენი ინსტიტუტისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ შექმნილი პროგრამა დღეს უკვე მეცნიერულად დასაბუთებულ საფუძველს ეყრდნობა და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საერთაშორისო საგანმანათლებლო და დებატების პროფესიულ საზოგადოებაში. ამის დასტურია ჩვენი მოდელის გაზიარება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, საერთაშორისო პარტნიორების ხშირი სტუმრობა საქართველოში ჩვენი გამოცდილების გასაცნობად, ასევე დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პრაქტიკისადმი მზარდი ინტერესი და მისი ელემენტების სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო გარემოში დანერგვის სურვილი.

იქ, სადაც პრაქტიკას მეცნიერება ადასტურებს, იბადება სტანდარტი. სწორედ ასეთი სტანდარტების შექმნას ემსახურება დებატებისა და განათლების ინსტიტუტი.