საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

დებატკლუბის ხელმძღვანელი ხათუნა დოლიძე დებატების მნიშვნელობის შესახებ

დებატკლუბის ხელმძღვანელი ხათუნა დოლიძე დებატების მნიშვნელობის შესახებ

დებატკლუბის ხელმძღვანელი ხათუნა დოლიძე დებატების მნიშვნელობის შესახებ

„როგორც პედაგოგი, ვფიქრობ, რომ დებატების კლუბი მოსწავლეს ხელს უწყობს განვითარდეს ყველა მიმართულებით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლისთვის  GIDE-ის პროექტებში ჩართულობა“, – დებატკლუბის ხელმძღვანელი ბათუმიდან, ხათუნა დოლიძე დებატების კლუბში გაწევრიანებული მოსწავლეების განვითარებას ყოველდღიურად აკვირდება და ხაზს უსვამს იმ პროგრესს, რაც სწავლების პროცესში იკვეთება. მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მოსწავლეები თვითონ აღნიშნავენ საკუთარ მიღწევებს და დინამიკას დებატებამდე და დებატების შემდეგ.

 

დებატების კლუბი ბათუმში 2020 წელს შეიქმნა, რასაც წინ შესარჩევი კონკურსი უძღოდა. „ვფიქრობ, რომ გამიმართლა ამ გასაუბრებაში რომ მივიღე მონაწილეობა, ყველა ეტაპი წარმატებულად გავიარე და დებატკლუბის ხელმძღვანელის სტატუსიც მომენიჭა“.

სკოლა ერთ-ერთი წარმატებულია აჭარის რეგიონში და ხათუნა დოლიძის განცხადებით, სკოლის დირექცია და პედაგოგიური გუნდი თანამშრომლობითი კულტურითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, რაც პირდაპირ აისახება მოსწავლეთა სხვადასხვა უნარის განვითარებაში. დებატების კლუბის ხელმძღვანელისთვის სკოლა და პედაგოგის პროფესია ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე პასუხისმგებლობაცაა და მოტივაციაც –  „ვფიქრობ, პიროვნების ჩამოყალიბებაში პედაგოგი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. აქედან გამომდინარე, არასოდეს მიფიქრია, რომ პედაგოგობა მარტივი იქნებოდა. ყოველთვის ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად მეტი დრო დავუთმო თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების კვლევას და მეტად ინფორმაციული გავხადო  სწავლა-სწავლების პროცესი“.

კლუბის მუშაობის პროცესში თითოეული მოსწავლე განვითარდა მრავალი მიმართულებით, მათი აკადემიური მოსწრება და პასუხისმგებლობა ბევრად უფრო გაიზარდა, ასევე აუმაღლდათ თვითშეფასება, ისწავლეს თავის დამკვიდრება, განუვითარდათ ნებისყოფა. ხათუნა დოლიძე აღნიშნავს, „მათ დებატები არა მარტო საკითხების მიმართ ცოდნას აძლევს, არამედ ასწავლის ურთიერთობებს, დიალოგს, ოპონირებას, დადებით და უარყოფით მხარეეზე ორიენტირებასა და მსჯელობას, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს თავისუფალ ღირებულებებს წარმოადგენს.“

მიუხედავად პანდემიის სირთულეებისა, ბათუმის დებატების კლუბი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.