
დებატები უკეთესი განათლებისთვის – მასწავლებელთა ტრენინგები
პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, რომელიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მასწავლებელთა პირველი ტრენინგის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ოთხ დღიანი ტრენინგის განმავლობაში მასწავლებლები კახეთის, იმერეთის, შიდა ქართლის რეგიონების და თბილისის საჯარო სკოლებიდან დაეუფლნენ დებატების ტექნიკას, დებატების კლუბების შექმნისა და შემდგომში მათი მართვის შესაძლებლობებს. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ განაცხადა, ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ მათი შერჩევა ორ ეტაპად კონკურსის მეშვეობით მოხდა. მისივე თქმით, ყველა დაინტერესებულ პედაგოგს ტრენინგში მონაწილეობა პროექტის მომდევნო ეტაპებზე შეეძლება.
ტრენინგის შემდეგ მასწავლებლები სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც “ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში” გაიმართა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი – ლალი კალანდაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი, გუდავაძე-პატარაკაციშვილის ფონდის დირექტორი – ზურაბ კერვალიშვილი, პროექტის პარტნიორები, მხარდამჭერები, პროექტში მონაწილე სკოლების დირექტორები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.